საზოგადოება
16.06.2020 11:59
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსანტების საუკეთესო ათეულში ერთ-ერთი გორელი პედაგოგი მარინე ვართუმაშვილია
2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კანდიდატობის ათეული გამოვლინდა. განათლების კოალიციის ინიციატივით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პატრნიორობით მიმდინარე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო პედაგოგები დასახელდნენ. შერჩეული ათეულიდან
ერთ-ერთი მათგანი 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. გარდა ამისა, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან მას 10 000 ლარი გადაეცემა. საუკეთესო ათეულის დანარჩენ წევრებს კი, ლიბერთი ბანკი დააჯილდოვებს.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის ფინალისტებმა დაასახელეს. GMNEWS-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი ფინალისტი გორის მეთორმეტე საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგი მარინე ვართუმაშვილია.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციას, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეოთხედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.
 
 
 
 
კვირის ამბები