15.06.2020 12:46
გორის სამხედრო ჰოსპიტალში კვლავ საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში კვლავ საკარანტინო პირობები ამოქმედდა. 15 ივნისიდან მუშაობის ჩვეულ რეჟიმზე გადასვლის შესახებ უწყებამ 12 ივნისს დააანონსა, თუმცა, შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, სამედიცინო დაწესებულება კვლავ საგანგებო პირობებით განაგრძობს მუშაობას.
როგორც GMnews-ს გორის სამხედრო ჰოსპიტალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, უწყებამ დღეს დილიდან განაახლა მულტიპროფილური მომსახურება, თუმცა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, ჰოსპიტალში კვლავ საკარანტინო პირობები ამოქმედდა. ამასთან, უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი სრულ სამედიცინო მომსახურებას 2020 წლის 1 ივლისიდან განაახლებს.
შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსის შესაძლო შემთხვევების პრევენციის მიზნით, 2020 წლის 28 თებერვლიდან საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულების თანახმად, სამხედრო ჰოსპიტალში საკარანტინო სივრცე ფუნქციონირებდა.