საზოგადოება
15.06.2020 12:33
ეპიდკვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე გადაწყდება რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას - გიგი ხოჯევანიშვილი

შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში ეპიდემიოლოგები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები ინფიცირებული პირების კონტაქტების მოძიებაზე მუშაობენ და ეპიდკვლევებს ატარებენ.

შიდა ქართლის გუბერნატორის, გიგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით,  კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევების ფონზე, მოხდება თუ არა დამატებითი რეგულაციების ამოქმედება რეგიონში, მიმდინარე ეპიდკვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე გადაწყდება.

,,რეგიონში არის ინფიცირების ახალი შემთხვევები, მათ შორის დადასტურდა მეტეხის ერთ-ერთი მცხოვრების, რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფიცირებული თანამშრომლის ოჯახის ოთხი წევრის შემთხვევა. ამ ეტაპზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს დამატებითი კონტაქტების მოკვლევა. ადგილზე მუშაობენ ეპიდემიოლოგები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები, მიმდინარე სკრინინგის და ღრმა ეპიდკვლევის საფუძველზე მოხდება დამატებითი ნიმუშების აღება და ლაბორატორიაში გაგზავნა. სწორედ ამ ნიმუშების შედეგების გაცნობის შემდგომ მოხდება ინფორმაციის ანალიზი და გადაწყვეტილების მიღება, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, ვიმოქმედებთ კვლევის შედეგების მიხედვით”, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, შიდა ქართლში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 3 დადასტურებული შემთხვევაა გორში, 6 კი - კასპში.

კვირის ამბები