დღეიდან, საქართველოში შიდა ტურიზმი იხსნება. აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებულმა ეკონომიკურმა ჯგუფმა 7 მაისს მიიღო. „საქართველოს მთავრობას აქვს გეგმა და ეს გეგმა შესრულდება. 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო პირველი ივლისიდან საქართველო იქნება მზად იმისთვის, რომ მიიღოს უცხოელი ტურისტები. ამას ჩვენ გავაკეთებთ სახმელეთო საზღვრებზე უსაფრთხო კორიდორის შექმნით ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან და ვაწარმოებთ ორმხრივ მოლაპარაკებებს ჩვენთვის ტურისტულად საინტერესო ქვეყნებთან“ , - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
დღეიდან, ასევე, იხსნება საქართველოს დაცული ტერიტორიებიც. ვიზიტორთა ცენტრები 15 ივნისიდან ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას და სტუმრების მიღებას. ტურიზმის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაცია მოქალაქეებს მოუწოდებს მოგზაურობისას გაითვალისწინონ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შემუშავებული შეზღუდვები.