„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილების თანახმად, პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას - 500 ლარით. პირბადის ტარება სავალდებულოა საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ტაქსებით მგზავრობის დროსაც.
დახურულ საჯარო სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტაქსებში პირბადის გამოუყენებლობის შემთხვევაში, დღეიდან, 15 ივნისიდან, მოქალაქეები დაჯარიმდებიან.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილების საფუძველზე კანონი უკვე ამოქმედდა, დადგენილი კონკრეტული წესები კი მთავრობის მიერ განისაზღვრა და დამატებითი ინფორმაციის სახით ცნობილი დღეს გახდება, შესაბამისად, პირბადის ტარების წესის დარღვევაზე მოქალაქეებს სანქციები სწორედ დღეიდან, 15 ივნისიდან დაეკისრებათ.