რეგიონი
12.06.2020 16:41
ამერიკელმა დიპლომატებმა შიდა ქართლში ახლადრეაბილიტირებული ამბულატორია დაათვალიერეს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ ელისაბედ რუდმა და სამხედრო ატაშემ, პოლკოვნიკმა სტეფანი ბეგლიმ კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლამისყანაში ახლადრეაბილიტირებული კლინიკა დაათვალიერეს და მედ.პერსონალს გაესაუბრნენ.

ამერიკელ დიპლომატებთან ერთად, სამედიცინო დაწესებულებაში კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლეონიძე, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზაზა მარიდაშვილი და შიდა ქართლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ზურაბ ჯალაბაძეც იმყოფებოდნენ.

სოფელ ლამისყანაში არსებულ სასოფლო ამბულატორიას ნაწილობრივი სარეაბლიტაციო სამუშაოები სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ჩაუტარდა. განხორციელებული სამუშაოების დათვალიერების შემდეგ, ამერიკელმა სტუმრებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა ორი ქვეყნის პარტნიორობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.  

„ამ კლინიკას საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი აკისრია ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფაში. ლამისყანის კლინიკა მოსახლეობას სთავაზობს ჯანმრთელობის დაცვის პრევენციულ სერვისებს, მათ შორის ლამისყანის, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზიდან და ოძისის გამშვები პუნქტიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე სოფელ კვიტის მოსახლეობის ვაქცინაციას. ყოველთვიურად 90-მდე ადამიანი მიმართავს კლინიკას სამედიცინო მომსახურების მისაღებად. სარემონტო სამუშაოები აშშ-ის საელჩოსა და ამერიკული არასამთავრობო ორგანიაცია „Spirit of America”-ს მეშვეობით სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასახმარებლად დაფინანსდა“, - განმარტავენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში.

ვიზიტის ფარგლებში ელჩის მოადგილემ კლინიკას ოჯახებისთვის (მოსაცდელ ოთახში ყოფნის დროს წასაკითხად) საჩუქრად წიგნები გადასცა.

სტუმრებმა, ამბულატორიის გარდა, ლამისყანაში ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლე მუზეუმი დაათვალიერეს და სოფლის ისტორიასაც გაეცნენ.

კვირის ამბები