საზოგადოება
12.06.2020 13:51
,,ემბავუდის“ გორის მაღაზიის მენეჯერის დაინფიცირების წყარო უცნობია

გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა და ნიმუშების აღება ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ პირებთან, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის  ცენტრის შიდა ქართლის ოფისის ხელმძღვანელმა ეკა ქორჩაშვილმა.

,,ემბავუდის“ მაღაზიათა ქსელის გორის ფილიალის ინფიცირებულ მენეჯერთან კონტაქტში მყოფი 8 პირი თვითიზოლაციაში იმყოფება, დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

დაავადებათა კონტროლის  ცენტრის შიდა ქართლის ოფისის ხელმძღვანელის ინფორმაციით, 47 წლის ქალმა კლინიკას 31 მაისს მიმართა, სადაც ბრონქიტის დიაგნოზით 3 დღის განმავლობაში უტარდებოდა მკურნალობა, 3 ივნისს კი სტაციონარი დატოვა.

,,აღნიშნულმა პირმა ბრონქიტის ნიშნებით 31 მაისს მიმართა ვ. ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას. სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას ჩატარებული ტესტირებისას მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა. მკურნალობა უტარდებოდა 3 დღის განმავლობაში, 3 ივნისს კი სტაციონარი დატოვა, თუმცა, რამდენიმე დღეში მდგომარეობა გაურთულდა და კლინიკას კვლავ მიმართა. გუშინ, 11 ივნისს კიდევ ერთხელ ჩატარებული ტესტირების შედეგად დაუდასტურდა კოვიდინფიცირება. დადგენილია ამ პირთან კონტაქტში მყოფთა წრე, 8 ადამიანს მიეცა თვითიზოლაციის რეკომენდაცია, პარალელურად, გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომლებთან ერთად, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა. მიმდინარეობს ნიმუშების აღება და გადაიგზავნება ლუგარის ცენტრში“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის შიდა ქართლის ოფისის ხელმძღვანელმა.

კვირის ამბები