საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ 10-ზე მეტი პირის თავშეყრის შემთხვევაში 2 000-ლარით დაჯარიმდება ყველა მათგანი, იურიდიული პირის მიმართ კი, ჯარიმა 10 000 ლარს შეადგენს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი საზოგადოებას ქორწილის, ქელეხის, იუბილესა და ნათლობის გადახდისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
„სოციალურ ღონისძიებების გამართვა, როგორიც არის ნათლობა, ქორწილი, ქელეხი თუ იუბილე, მოგეხსენებათ, რომ შეზღუდულია 15 ივლისამდე. შესაბამისად, ჩვენ საზოგადოებას შევახსენებ, რომ 10-ზე მეტი პირის თავშეყრის შემთხვევაში, იქნება ეს ქორწილი, ნათლობა, იუბილე თუ ქელეხი, საჯარიმო სანქცია დაედება სუფრის თითოეულ წევრს და ყველა მათგანი 2 000 ლარით დაჯარიმდება. იურიდიული პირის მიმართ კი, 10 000-ლარიანი ჯარიმა გამოიწერება. ამიტომ დიდი თხოვნით მოვუწოდებ საზოგადოებას, რომ ამ სოციალური ღონისძიებების გამართვისგან 15 ივლისამდე თავი შევიკავოთ. რაც შეეხება შემდგომ სიტუაციას, რა რეგულაციები იქნება 15 ივლისის შემდგომ, გადაწყვეტილება მიღებული იქნება ეპიდმდგომარეობიდან გამომდინარე“, - განაცხადა ოხანაშვილმა.