საზოგადოება
12.06.2020 12:40
კორონავირუსი „ემბავუდის“ გორის ფილიალის თანამშრომელს დაუდასტურდა

covid 19-ის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა გორში, ახალი კორონავირუსი „ემბავუდის“ მაღაზიათა ქსელის გორის ფილიალის თანამშრომელს დაუდასტურდა. წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე მდებარე მაღაზია „ემბავუდი“ დღეს დილით დაიკეტა. როგორც ირკვევა, აღნიშნულ პირს ვირუსული ინფექციის ნიშნები დაახლოებით 10 დღის წინ გამოუვლინდა, თუმცა, პირველადი ტესტირებისას covid-19 არ დადასტურდა. დღეს დილით კი, სტაციონარში ჩატარებული განმეორებითი ტესტირებისას, ინფიცირების ფაქტი დადასტურდა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ ყველა პირს საკონტროლო ტესტირება უტარდება.

„პირველადი ტესტირებისას აღნიშნულ პირს კორონავირუსული ინფექცია არ დაუდასტურდა, ამჯერად კი, ხელახალი კვლევებისას, კოვიდ 19 გამოვლინდა. ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი იმყოფება თვითიზოლაციაში და ყველა მათგანს უტარდება ტესტირება“, - განაცხადა GMnews-სთან საუბრისას მარი გიუნაშვილმა.

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კორონავირუსით ინფიცირების 7 დადასტურებული ფაქტია.

კვირის ამბები