ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, შიდა ქართლში სტუმრობისას, მხარის გუბერნატორთან შეხვედრისას, რეგიონის ეკონომიკურ განვითარებასა და ამ ჭრილში, ტურიზმის განვითარების მიმართულებით არსებული საკითხები განიხილა.
კელი დეგნანმა, მხარის გუბერნატორთან, გიგი ხოჯევანიშვილთან და გორის მერთან, კონსტანტინე თავზარაშვილთან ერთად ისტორიული ძეგლი - გორის ციხეც დაათვალიერა, სადაც გორისა და ატენის ეპარქიის მმართველს, მიტროპოლიტ ანდრიასაც შეხვდა და ცნობილი გორელი ოსტატის, იასამნისფერჭიქურიანი კერამიკის ავტორის, გიორგი ტატულაშვილის შემოქმედებას გაეცნო.
,,გორში ჩემი პირველი ვიზიტის ფარგლებში, მქონდა ძალიან კარგი შეხვედრა შიდა ქართლის გუბერნატორთან. შეხვედრაზე განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, მათ შორის, რეგიონში კოვიდ 19-ის შედეგები და ამ მხრივ არსებული ვითარება, მთავრობის და სხვადასხვა უწყების რეაგირება კრიზისულ სიტუაციაში რეგიონის მოსახლეობის დასახმარებლად, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ გამოწვევა ჯერ ბოლომდე არ დასრულებულა, კვლავ გვიწევს ნიღბების ტარებაც და სხვა უამრავი რეკომენდაციის და რჩევების შესრულება, რაც არსებობს.
გარდა ამისა, შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაზე, ამ ჭრილში ტურიზმის განვითარებაზე. მომეცა შესაძლებლობა, მენახა გორის ციხე, ეს ძალზე მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული ძეგლი და მინდა აღვნიშნო, რომ ჩემზე ამ რეგიონმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.