სამართალი
12.06.2020 00:07
8 ივნისს, გორში მომხდარი ჩხუბის ფაქტზე დაკავებულ თარაშ კანდელაკს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და 8 ივნისს, ღამით, გორში მომხდარი ჩხუბის ფაქტზე დაკავებულ თარაშ კანდელაკს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

თარაშ კანდელაკის ადვოკატები კატეგორიულად არ იზიარებენ ბრალდების მხარის პოზიციას და სასამართლოს წინაშე არასაპატიმრო პირობების და 20 000 ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვეს, პარალელურად, დაცვის მხარის შუამდგომლობა მოიცავდა ბრალდებული თარაშ კანდელაკისთვის ისეთი შეზღუდვების დაწესებას, როგორიცაა დაზარალებულთან ან გამოძიებისთვის საინტერესო სხვა პირებთან მიახლოების აკრძალვა, პასპორტის ჩამორთმევა, საკომუნიკაციო საშუალებებით სარგებლობის შეზღუდვა, ელექტრონული მონიტორინგი. დაცვის მხარე მიიჩნევს რომ პატიმრობისთვის საჭირო არგუმენტები ბრალდების მხარეს დღევანდელ სხდომაზე არ წარმოუდგენია.

თარაშ კანდელაკის უფლებებს 5 ადვოკატი იცავს. მათი განცხადებით, აღკვეთის ღონისძიების შესახებ გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.

წინასასამართლო სხდომა 31ივლისს, 13 საათზე გაიმართება.

18 წლის ერეკლე თედლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი კვლავ მძიმეა. დაშავებულ ახალგაზრდას გორსა და თბილისში ორი რთული ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

შეგახსენებთ, გორში, 18 წლის ახალგაზრდის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, სასჯელის სახით კი თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე ითვალსწინებს.

კვირის ამბები