უნდა შევძლოთ და ვისწავლოთ გეგმაზომიერად მუშაობა, ცხოვრება და საქმიანობა - ნათია თურნავა
ჩვენ ეტაპობრივად ვხსნით ეკონომიკას, ბიზნესი იქოქება და ამ მონაპოვარს უნდა გავუფრთხილდეთ - ასე გამოეხმაურა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საქართველოში ინფიცირების ახალი შემთხვევებს, რომლის დროსაც ინფექციის გავრცელების წყარო ჯერჯერობით დადგენილი არ არის.
„ჩვენ ეტაპობრივად ვხსნით ეკონომიკას და ამ მონაპოვარს უნდა გავუფრთხილდეთ. იცით, რომ აქტიურად ვმუშაობთ 15 ივნისს შიდა ტურიზმის გასახსნელად. ვემზადებით, სრული მასშტაბით ამოქმედდეს ყველა ბიზნესი, ყველა საწარმო. ამ ფონზე, განსაკუთრებით მინდა მოვუწოდო სიფრთხილისკენ ყველას, იქნება ეს მოსახლეობა თუ კერძო სექტორი. ძალიან მოსაფრთხილებელია ის, რომ ჩვენ გვაქვს მართვადი ეპიდემიოლოგიური ვითარება, თუმცა, მდგომარეობის გართულება, ჩვენივე დაუდევრობით და მოსახლეობის რელაქსირებული მიდგომით, ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს. აქედან გამომდინარე, კვლავაც უნდა ვიყოთ ფრთხილად, დავიცვათ ყველა რეკომენდაცია თუ სავალდებულო წესი, რაც არის კანონით განსაზღვრული და ჩვენი მედიკოსების მიერ მოწოდებული. ეს არის ერთადერთი გზა, რომ პანდემიის მიუხედავად, შევძლოთ და გეგმაზომიერად ვისწავლოთ მუშაობა, ცხოვრება და საქმიანობა," - განაცხადა ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, ახალი კვირიდან შიდა ტურიზმი იხსნება და მთავრობა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მოქალაქეებს ქვეყნის შიგნით მოგზაურობისკენ მოუწოდებენ .