საზოგადოება
11.06.2020 15:53
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი გორში იმყოფება

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი გორში იმყოფება. კელი დეგნანი წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ფილიალს ეწვია და წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტ ნათია ლოლაძეს, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ოფისის ხელმძღვანელს სამხრეთ კავკასიაში, ოლგა ჯუმაევას და ორგანიზაციის მოხალისეებს შეხვდა.

„ჩემთვის პირველი ვიზიტია გორში და ჩემთვის ეს ძალიან დიდი პატივია. მქონდა ძალიან კარგი შეხვედრა გორის მერთან, ასევე შიდა ქართლის გუბერნატორთან. ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა საკითხები, მათ შორის კოვიდ-19-თან დაკავშირებული სიტუაცია. ასევე ის ძალიან სამწუხარო სიტუაცია, რაც გვაქვს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან. ასევე მქონდა საშუალება გავცნობოდი საქართველოში „წითელი ჯვრის“ საქმიანობას. ისინი მართლაც ასრულებენ ძალიან მნიშვნელოვან სამუშაოს,  ეხმარებიან ადამიანებს და ხშირად ეს დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანების სიცოცხლისთვის. USAID და ამერიკის მთავრობა, რა თქმა უნდა მხარს უჭერს „წითელ ჯვარს“ და მხარს უჭერს მათ საქმიანობას ამ მართლაც უპრეცედენტო პანდემიის დროს“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

ვიზიტის ფარგლებში ელჩმა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად გორში მცხოვრებ ბენეფიციარებს სასურსათო და ჰიგიენური ამანათებიც გადასცა.

კვირის ამბები