მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა, ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით უკიდურესი სიფრთხილე გამოიჩინონ.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ქვეყანაში ინფიცირების ისეთი შემთხვევების დაფიქსირება, რომლის წყაროც უცნობია, საგანგაშოა.
„ინფიცირების 4 შემთხვევიდან, რომლის წყაროსაც ჩვენ ვერ ვადგენთ, 3 გახლავთ თბილისში. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გავხსენით ეკონომიკა, მივიღეთ გადაწყვეტილებები, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს ნაკლები შეზღუდვებით ვიცხოვროთ ყოველდღიურად, გავაგრძელოთ ჩვეული ეკონომიკური საქმიანობა, არცერთ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს და არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ვირუსი დამარცხებულია.
ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ინფიცირების 4 შემთხვევა, რომლის წყაროც დღეის მდგომარეობით დაუდგენილია, არის დიდი რისკის შემცველი. ეს ფაქტობრივად, არის 4 ახალი კლასტერი, რომლის შესახებაც ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს საიდან, როდის ან სად მოხდა ეს ინფიცირება, რაც, რა თქმა უნდა, საგანგაშოა. ჩვენ არ უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები და უნდა ვიყოთ უკიდურესად ფრთხილები და გონიერები, რომ ის მიღწევა არ დავკარგოთ, რაც გაგვაჩნია. ბევრი მაგალითია დღეს მსოფლიოში, როგორ ხდება მეორედ ეპიდემილოლოგიური აფეთქება სხვადასხვა ქვეყანაში. ამიტომ მინდა თითოეულ უწყებას, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო უკიდურესი გონიერებისა და სიფრთხილისკენ, ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გახარიამ.