კულტურა
11.06.2020 12:03
მთავრობამ სპექტაკლის/კონცერტის ხანგრძლივობა განსაზღვრა - რა წესების დაცვა მოუწევთ ღონისძიებათა ორგანიზატორებს
მთავრობამ დახურულ სივრცეში სპექტაკლის/კონცერტის ხანგრძლივობა განსაზღვრა. აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომელიც კულტურული ღონისძიებების ჩატარებია უსაფრთხოებას ეხება.
რეგულაციების მიხედვით, ღონისძიებების (სპექტაკლი/კონცერტი) დახურულ სივრცეში ჩატარების შემთხვევაში, ორგანიზატორებს შემდეგი რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ: მართონ სტუმართა ისე, რომ თავიდან აიცილოთნ ერთ ადგილზე ადამიანთა დიდი რაოდენობის კონცენტრაცია; შესასვლელებთან, რიგებში ახლო კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, მონიშნონ უსაფრთხო დისტანცია; უზრუნველყონ სტუმართა დაშვება დახურულ სივრცეში მხოლოდ ნიღბით; ღონისძიების სრული ხანგრძლივობა (სტუმრის შენობაში შემოსვლისა და შენობის დატოვების დროის გათვალისწინეით) განსაზღვრონ იმგვარად, რომ 3 საათს არ აღემატებოდეს;
ღონისძიება უნდა გაიმართოს ერთ მოქმედებად, ანტრაქტის გარეშე; ამასთან აკრძალონ სტუმართათვის ისეთი სერვისების (კვების ობიექტის, ფურშეტის) შეთავაზება, რაც უშუალოდ ღონისძიების მიმდინარეობას არ უკავშირდება.
GMnews-ის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულები არიან ერისთავის სახელობის თეატრშიც.
„ბუნებრივია, ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი იმოქმედებს იმ რეკომენდაციების შესაბამისად, რომელსაც კომპატენტური უწყებებისგან მივიღებთ,
იმიტომ, რომ სპექტაკლების შეჩერება თავისი კულტურული ღირებულებიდან გამომდინარე კატეგორიულად არ შეიძლება. უნდა აღინიშნოს, ისიც რომ ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ისედაც არ გავჩერებულვართ. უახლოეს დღეებში გავამჟღავნებთ ინფორმაციას თეატრში ჩატარებული ტექნიკური სამუშაოების შესახებ, რომელსაც გასული თვეების განმავლობაში ვახორციელებდით. რაც შეეხება სპექტაკლების ჩვენებას, როგორც კი უფლება მოგვეცემა მაყურებელს მოვიპატიჟებთ. ვფიქრობთ, შემოქმედებით სეზონს ივლისის ბოლოს, სავარაუდოდ საპრემიერო ჩვენებით დავხურავთ“, - აღნიშნა გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით ჩხარტიშვილმა.
ჩხარტიშვილის თქმით, ამ დროისთვის, თეატრის ადმინისტრაცია ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის რეკომენდაცების დაცვით განაგრძობს მუშაობას. შესასვლელებში განთავსებულია დეზობარიერები, ასევე ხორციელდება თერმოსკრინინგი და თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ სადეზინფექციო საშუალებებით ისარგებლონ.
კვირის ამბები