8 ივნისს, ღამით, გორში მომხდარი ჩხუბის ფაქტზე დაკავებულ თარაშ კანდელაკს ბრალი ოფიციალურად არ წარდგენია. დაკავებულის ადვოკატმა პირველი კომენტარი გააკეთა.
შოთა მანელიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ოჯახისთვის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს ახალგაზრდა ბიჭის, ერეკლე თედლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
,,ჩვენთვის, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ კანდელაკების ოჯახს, უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს ახალგაზრდა ყმაწვილი ბიჭის, ერეკლე თედლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჩვენ, შეგნებულად თავს ვიკავებთ ზედმეტი კომენტარის გაკეთებისგან და ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე, ერთ-ერთი პირველი საზრუნავი არის თედლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ გაჟღერდა, თითქოსდა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იმყოფებოდა ინციდენტის ადგილზე ვინმე სხვა პირთან ერთად, კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ინციდენტის არსებობისას, ადგილზე იმყოფებოდა მხოლოდ თარაშ კანდელაკი“, - განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა.
ადვოკატის განცხადებით, ბრალის საკითხი ჯერ არ დამდგარა და შესაბამისად, კონკრეტული პოზიცია ჩამოყალიბებული ჯერ არ აქვთ.
,,ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან მქონდა არაერთგზის შეხვედრა, თუმცა, ამ ეტაპისთვის, ბრალთან მიმართებაში, რადგან ასეთი საკითხი ჯერ არ დამდგარა, კონკრეტული პოზიცია არ გვაქვს ერთობლივად ჩამოყალიბებული და შესატყვის ეტაპზე ამის თაობაზე მოგახსენებთ, თუმცა, ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, ყველა ის გარემოება, ყველა ის ვითარება, ცალსახად მეტყველებს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ ჩაუდენია ის დანაშაული, რაზეც ხდება აპელირება. რაც შეეხება მოტივს, ფაქტობრივად, ბუნებაში არ არსებობს რაიმე კონკრეტული საწყისი გარემოება, რაც შეიძლებოდა მამოძრავებელი ყოფილიყო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის, რომ რაიმე უკანონობა ჩაედინა მას, არავითარი განზრახვის არსებობაზე საუბარი არ შეიძლება იყოს“, - აცხადებს თარაშ კანდელაკის ადვოკატი.
მანელიძის განცხადებითვე, სხეულზე დაზიანებები აღენიშნება თარაშ კანდელაკსაც და სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მას ექსპერტიზა გუშინ ჩაუტარდა.
18 წლის ერეკლე თედლიაშვილს, რომელსაც სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, კლინიკა „გორმედში“ გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, მოგვიანებით კი, პაციენტი თბილისში, სპეცილიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
შეგახსენებთ, გორში, 18 წლის ახალგაზრდის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, სასჯელის სახით კი თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე ითვალსწინებს.