სპორტი
10.06.2020 16:26
ფეხბურთელებმა კორონავირუსზე პირველი ტესტირება გაიარეს, მალე მატჩებსაც ვიხილავთ

ეროვნული ლიგა 1–ს ყველა გუნდმა და მათ შორის გორის ,,დილამ“ კორონავირუსზე პირველი ტესტირება გაიარა. ყველა პასუხი უარყოფითი იყო.

ეს მორიგი პუნქტი გახლდათ იმ რეგულაციებიდან, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ლიგის გუნდებს დაუწესა და ისინიც მას ზედმიწევნით ასრულებენ.

პანადემიის გამო შეწყვეტილი ჩემპიონატი 25 ივნისს უნდა განახლდეს. იქამდე, გუნდები კიდევ ერთხელ გაივლიან ტესტირებას და ფედერაციაც მხოლოდ მას შემდეგ დართავს საბოლოოდ ჩემპიონატის გაგრძელების ნებას.

,,დილა“ სეზონის განახლებისთვის აქტიურად ემზადება. მთავარი მწვრთნელის, გიორგი ნემსაძის ხელმძღვანელობით, გუნდი ყოველ დღე ვარჯიშობს.

,,პანდემიის პერიოდში რეკომენდაციებს როგორც ყველა, ასევე მეც ვიცავდი. მაქსიმალურად ვცდილობდი ფორმის შენარჩუნებას, რაც ასეთ პირობებში იოლი ვერ იქნებოდა, თუმცა, მთავარია, რომ ახლა ვარჯიშები განახლდა და ჩემპიონატის გაგრძელებამდე დიდი დრო არაა დარჩენილი. მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება”, - აღნიშნა ,,დილას“ ოფიციალურ გვერდთან ინტერვიუში გორელთა გოლკიპერმა გიორგი ჩოჩიშვილმა.

სატურნირო კალენდრის მიხედვით, იძულებითი პაუზის შემდეგ გორული კლუბი პირველ მატჩს 27 ივნისს, ,,სამტრედიასთან“, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართავს. კალენდარული მატჩები ჯერჯერობით მაყურებლების გარეშე ჩაივლის.

კვირის ამბები