გორში მომხდარი ჩხუბის დროს დაზარალებული 18 წლის ახალგაზრდის ოჯახმა ადვოკატი აიყვანა. დაზარალებულის უფლებებს ადვოკატი თამარ თედლიაშვილი დაიცავს. თედლიაშვილი შსს-ს შიდა ქართლი პოლიციის დეპარტამენტის გორის სამმართველოში იმყოფებოდა, სადაც გამოძიების მიმდინარეობის დეტალებს გაეცნო.
„დაზარალებულის ოჯახს აინტერესებს გამოძიების მიმდინარეობა და ამის შესახებ მივიღე ინფორმაცია. ამ ეტაპზე, გამოძიების მიმართ რაიმე უნდობლობის საფუძველი არ გვაქვს, ოჯახისთვის ამ ეტაპზე უმთავრესია დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა. დაკავებულს ბრალი ჯერ არ აქვს წარდგენილი, თუმცა დაველოდებით გამოძიების შემდგომ ნაბიჯებს და რაიმე უნდობლობის გაჩენის შემთხვევაში აუცილებლად გავაკეთებთ განცხადებებს“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისა ადვოკატმა თამარ თედლიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გორში, 18 წლის ახალგაზრდის ცემის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა თ.კ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ქალაქ გორში, სტალინის ქუჩაზე მდებარე რესტორანში, ე.თ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანა, სადაც მას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მოგვიანებით კი, პაციენტი თბილისში, სპეცილიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, სასჯელის სახით კი თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე ითვალსწინებს.