სპორტი
10.06.2020 14:00
ეროვნული ლიგის პირველ მატჩს „დილა“ გორში გამართავს, აკმაყოფილებს თუ არა სტადიონი დადგენილ მოთხოვნებს

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ, ეროვნული ლიგა 25 ივნისიდან განახლდება. გორის „დილას“ პირველი მატჩი 27 ივნისსაა ჩანიშნული და „სამტრედიას“ უმასპინძლებს. თამაში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება, თუმცა, შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩაივლის.

ა(ა)იპ გორის საფეხბურთო კლუბ „გორის“ დირექტორის თქმით, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე უკვე ორჯერ ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და სეზონის დაწყებმდე კიდევ ერთი დეზინფექცია იგეგმება. „პანდემიის პერიოდში უკვე ორჯერ ჩატარდა სტადიონის დეზინფექცია, თუმცა, სეზონის გახსნამდე კიდევ ვგეგმავთ შესაბამისი სამუშაოების ჩატარებას - სპეციალური ხსნარებით დამუშავდება გასახდელები, მსაჯების ოთახი, დელეგატების ოთახი, პრეს-ლოჟა, ანუ ის სივრცე, სადაც ჩემპიონატის დროს ხალხი იმოძრავებს. როგორც ცნობილია, ჩემპიონატი მაყურებლის გარეშე გაგრძელდება და მინდა სტადიონის სახელით ბოდიში მოვუხადო გულშემატკივარს, რომ კარებები დაკეტილი დახვდებათ. მინდა გითხრათ, რომ უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გვექნება დაცული, დამატებით კიდევ პოლიციასაც დავიხმართ, ამასთან გვეყოლება სპეციალური დაცვის სამსახური. დანარჩენი დეტალები კი დასაზუსტებელია და ველოდებით ფეხბურთის ფედერაციის დირექტივებს. დღეს შემიძლია გითხრათ, რომ სტადიონი ამ ეტაპზე აკმაყოფილებს ყველა იმ სტანდარტსა და რეკომენდაციას, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო აწესებს“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას გია ისიანმა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ჩემპიონატი 1-ელ მარტს დაიწყო და კორონავირუსის გავრცელების გამო, მხოლოდ ორი ტურის თამაშები გაიმართა.

კვირის ამბები