საზოგადოება
10.06.2020 13:44
უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ბილეთის ფასი 15-დან 7 ლარამდე შემცირდება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფი მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები მთავრობის საკოორდინაციოს საბჭოს გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების შესაბამისად ახლო მომავალში გაიხსნება. GMnews-ის ინფორმაციით, ობიექტების გახსნის პარალელურად შეიცვლება მუზეუმ-ნაკრძალების მოსანახულებლად დადგენილი ტარიფებიც.
როგორც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში აცხადებენ, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის სტიმულირებისა და ტურიზმის ეკონომიკური ეფექტის ეტაპობრივი გაზრდის მიზნით, მუზეუმ-ნაკრძალში შესვლის საფასური დროებით შემცირდება.სააგენტოს დირექტორის ბრძანების საფუძველზე, უფლისციხესა და ვარძიაში დღემდე მოქმედი ტარიფის ოდენობა, 3 თვის ვადით, 15 ლარის ნაცვლად 7 ლარი იქნება.
„ეპიდემიური მდგომარეობის მიზეზით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, აღნიშნული მუზეუმ-ნაკრძალების ადმინისტრაციები ვიზიტორთა მომსახურებას ჯანმრთელობის დაცვის უწყებების მიერ წინასწარ შემუშავებული რეგულაციებით განახორციელებენ. დადგენილი ქცევის ნორმების დაცვა დამთვალიერებლებისთვის სავალდებულო იქნება. რაც შეეხება ტარიფების გადახედვას, ამ ეტაპზე, 15-დან 7 ლარამდე შევამცირეთ უფლისციხისა და ვარძიის ღია მუზეუმების ბილეთის ფასი.
კვლავ 1 ლარი იქნება ბილეთის საფასური საქართველოს მოქალაქე მოსწავლეების, სტუდენტებისა და პენსიონრებისთვის. მუზეუმ-ნაკრძალებში უფასოდ დაიშვებიან იძულებით გადაადგილებული პირები, ომის ვეტერანები, მზრუნველობას მოკლებული ბავშვები და სოციალურად დაუცველი პირის სტატუსის მქონე მოქალაქეები. საფასურის გადახდა არ შეეხებათ არც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მათ თანმხლებ მოქალაქეებს. შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილების მიღებიდან მომდევნო 3 თვის განმავლობაში ბილეთების ფასი შემცირდება სხვა ობიექტებშიც. ახალი ტარიფები გახსნის თარიღის განსაზღვრისთანავე დადგინდება“ - ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კვირის ამბები