საზოგადოება
10.06.2020 11:40
სოფლის მეურნეობა ის დარგია, რომელსაც შეუძლია არა მარტო გამოკვებოს ქვეყანა, არამედ ექსპორტის მიმართულებით მნიშვნელოვანი პოტენციალი ჰქონდეს - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, სოფლის მეურნეობა არის ის დარგი, რომელსაც შეუძლია რაღაც მიმართულებებით არა მარტო გამოკვებოს ეს ქვეყანა, არამედ ექსპორტის მიმართულებით პოტენციალიც ჰქონდეს. აღნიშნული განცხადება პრემიერმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში, შიდა ქართლელ ფერმერებთან შეხვედრისას განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზაცია მარტივი საქმე არ არის, რადგან ქვეყანაში ამ მიმართულებით ძალიან ბევრი პრობლემაა, თუმცა ეს ეტაპობრივად უნდა მოხდეს.

„სოფლის მეურნეობა არის ის დარგი, რომელსაც შეუძლია რაღაც მიმართულებებით არა მარტო გამოკვებოს ეს ქვეყანა, არამედ ექსპორტის მიმართულებით პოტენციალიც ჰქონდეს. მართალია, ეს არ არის მარტივი, ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორია - მიწები ძალიან დაქუცმაცებულია, ზოგან წყლის პრობლემაა, ზოგან ცოდნის პრობლემაა, ძალიან ბევრი პრობლემაა, მაგრამ ნელ-ნელა აქეთ უნდა წავიდეთ. სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზაცია უნდა მოხდეს, მაგრამ ვერ მოხდება ეს ერთ დღეში, მაგრამ აქ არის იმის კარგი მაგალითი, როგორ შეიძლება ქცევის ამ წარმატებულ მოდელზე დაყრდნობით ახალგაზრდებმა და ყველა ჩვენგანმა გააკეთოს ეფექტური და შედეგიანი სამუშაო. როდესაც გადავწყვიტეთ, რომ სოფლის მეურნეობა ყოფილიყო მეორე დარგი, რომელსაც ჩვენ უნდა დავხმარებოდით, მარტივი ახსნა ჰქონდა ამას. გასაგებია, პირველი დარტყმა ტურიზმმა მიიღო, მეორე დარტყმა მიიღო სოფლის მეურნეობამ იმიტომ, რომ სოფლის მეურნეობას, რაც ჰქონდა დაგეგმილი, იყო იმ ტურიზმზეც გათვლილი, რომელიც ვერ ჩამოვიდა. შესაბამისად, ახლა ჩვენ გვესმის, რომ სოფლის მეურნეობა არის ის დარგი, რომლის დახმარებაც აუცილებელია ეკონომიკურადაც და რა თქმა უნდა, ფერმერს ახლა სჭირდება დახმარება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კვირის ამბები