ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ადამიანი, მამაკაცი, ახალგაზრდა, ჯანით და ენერგიით სავსე, თუ აქვს შესაბამისი სურვილი, სამართლიანობა, ღირსება, ყოველთვის შეძლებს ამ ქვეყანაში საქმე გააკეთოს ისე, როგორც ამას ფერმერი გიორგი მჭედლიძე აკეთებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში მცხოვრებ ფერმერ გიორგი მჭედლიძის მიერ გაშენებულ ბაღში სტუმრობისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, რთული პირიობების მიუხედავად, საქმის კეთება ვისაც უნდა, ამას ყოველთვის შეძლებს.
„ბოლო დღეების განმავლობაში იმდენი წუწუნი მესმის ჯანიანი ბიჭების - ქალაქში, ტურისტი აღარ არის, რა გვეშველება, მთავრობა რას შვრები, როდის ჩამოვა ტურისტი, მოგვეხმარეთ და ეს ქენით და ის ქენით. რეალურად ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ადამიანი, მამაკაცი, ახალგაზრდა, ჯანით და ენერგიით სავსე, თუ აქვს შესაბამისი სურვილი, სამართლიანობა, ღირსება, ყოველთვის შეძლებს ამ ქვეყანაში საქმე გააკეთოს ისე, როგორც ამას ფერმერი გიორგი მჭედლიძე აკეთებს. 6 თვის წინ ვიყავით ვაშლის ბაღებში, სადაც ასევე შესანიშნავი ბაღებია. იქაც ვსაუბრობდით, ბევრ რამეზე შევთანხმდით. საქმის კეთება ვისაც უნდა ყოველთვის შეძლებს, მიუხედავად რთული პირობებისა, რა პირობებში ახლა ქვეყანას უწევს ცხოვრება, საქმე აკეთოს. ყველანაირი წუწუნისა და ვიღაცებზე გადაბრალების გარეშე. ეს კაცი არის ამის მაგალითი,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.