68743 ვიზიტორი ერთი თვის განმავლობაში - გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ ახალი სტატისტიკა გამოაქვეყნა. როგორც GMnews-თან საუბრისას ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ოპერატორებმა განაცხადეს, ქვეყნის სხვა რეგიონების მსგავსად, შიდა ქართლში ჯერ კიდევ ტურისტული სეზონის ბუმია და დამთვალიერებელთა რაოდენობა გასულ წლებთან შედარებით საგრძნობლად გაზრდილია.
„უცხოელი ვიზიტორების უმრავლესობა ჩვენ ქვეყანას სწორედ იმიტომ სტუმრობს, რომ შიდა ქართლის მონახულება აქვს დაგეგმილი. უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი, სტალინის სახლი და ატენის სიონი - ეს, იმ კულტურული ძეგლების ჩამონათვალი გახლავთ, რომელთა მიმართაც უცხოელების მხრიდან ინტერესი ყველაზე მაღალია. რაც შეეხება ვიზიტორების წარმომავლობას, ჩვენი მხარის საფუძვლიანად გაცნობის სურვილს ყველაზე ხშირად რუსი, პოლონელი, გერმანელი, ებრაელი, ჩინელი, ჰოლანდიელი და ბელორუსი ტურისტები გამოხატავენ. შედარებისთვის იმასაც გეტყვით, რომ თუ გასული წლის სექტემბერში, ჩვენმა ცენტრმა მომსახურება 1874 ტურისტს გაუწია, წელს, ეს რიცხვი 4176-მდეა გაზრდილი,“ - გვითხრა გორის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ოპერატორმა თაია ჩუბინიძემ.