რეგიონი
09.06.2020 15:37
აგარის შაქარის ქარხანამ წარმოება განაახლა

აგარის ქარხნის მიერ წარმოებული ქართული შაქარი დაახლოებით 50%-ით ჩაანაცვლებს იმპორტირებულ შაქარს, რაც მნიშვნელოვნად აისახება ფასებზეც, - აღნიშნული განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აგარის ქარხანაში განახლებული სამუშაო პროცესის დათვალიერებისას გააკეთა. ეკონომიკის მინისტრთან ერთად, აგარის ქარხანაში განახლებული სამუშაო პროცესი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილთმა დაათვალიერეს. ხელისუფლების წარმომადგენლები საწარმოს სამომავლო გეგმებს ადგილზე გაეცნენ.

„ამ ქარხნის ამუშავება ძალზედ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ, ქვეყნისთვის და ადგილობრივი წარმოების შემდგომი აღორძინებისთვის. ასევე ნიშანდობლივია, რომ ეს ხდება მაშინ, როდესაც ყველა გლობალურ პანდემიას ებრძვის. საქართველოც ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ეკონომიკურად, მაგრამ ჩვენთვის, მთავრობისთვის ეს არის საფუძველი, რომ გავაათმაგოთ ჩვენი ძალისხმევა და ასეთი ქართული წარმოებები ამ დღეებში სულ უფრო მეტი გაიხსნება, რისთვისაც ჩვენ ძალიან აქტიურად ვშრომობთ. შაქარზე ფასების კლება ნელ-ნელა დაწყებულია და ახლა, ასეთი მასშტაბური ადგილობრივი წარმოება საშუალებას მოგვცემს, ბაზარზე ხელმისაწვდომი ფასები შევინარჩუნოთ. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ აგარის შაქრის წარმოების განახლებით დასაქმდა 500 ადგილობრივი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ქარხანა მთელი წლის განმავლობაში, დეკემბრის ბოლომდე იმუშავებს და 60-65 ათას ტონამდე შაქრის წარმოებას გეგმავს, რაც საერთო ბაზრის დაახლოებით ნახევარს შეადგენს.

კვირის ამბები