პირბადის მოხსნის, დისტანციის დარღვევისა და ხელების დამუშავებაზე უარის გამო აბიტურიენტს გამოცდას დაატოვებინებენ
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული წესების დარღვევის დროს, მათ შორის, ნიღბის მოხსნის, სოციალური დისტანციის დარღვევისა და ხელების დამუშავებაზე უარის თქმის შემთხვევაში, აბიტურიენტი შენიშვნას მიიღებს, ამ წესების ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში კი, გამოცდიდან მოიხსნება - განათლების სამინისტრომ ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების თარიღები და წესები განისაზღვრა.
შემუშავებული რეგულაციის თანახმად, აბიტურიენტმა გამოცდის დღეს თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი; ასევე, სურვილის შემთხვევაში, სამედიცინო პირბადე, წყალი პლასტმასის ბოთლით და გელიანი (ე. წ. ტუშის) შავი ფერის კალამი 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით.
„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე. საგამოცდო ცენტრების თითოეულ სექტორში წელს 10 გამოსაცდელზე მეტი არ დაიშვება. ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება იქნება 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი - 1 მეტრი.
შეფასებისა და გამოცდებისა ეროვნული ცენტრი თითოეულ გამოცდაზე ყოველ გამოსაცდელს შესთავაზებს პირბადეს (სურვილის შემთხვევაში, გამოსაცდელს შეუძლია მოიტანოს საკუთარი პირბადე). ამასთან, აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრის შესასვლელშივე გაივლიან თერმოსკრინინგს“ - ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში.