საზოგადოება
09.06.2020 15:54
ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება
ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. 25 ივლისს გაიმართება საგრანტო კონკურსი, ხოლო სამაგისტრო გამოცდები 1-ელი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. ერთიანი ეროვნული გამოცდების უსაფრთხოდ ჩატარების საკითხზე და განრიგზე განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში ახლახანს გაკეთდა.
როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, 2020 წლის საგამოცდო პროცესის მაქსიმალურად სრულყოფილად წარმართვის მიზნით აქტიური მუშაობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან და სხვა უწყებებთან ერთად, კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების პირველივე დღიდან დაიწყო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის შესაბამისად, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საგამოცდო სივრცეების კონდიციონერით გაგრილება მოხდება მხოლოდ სესიის დაწყებამდე და გამოირთვება გამოსაცდელების დარბაზში შესვლის წინ. სესიებს შორის პერიოდში ადგილზე ჩატარდება სპეციალური სადეზინფექციო სამუშაოები.
წინა წლების მსგავსად, საგამოცდო ცენტრები იქნება შემდეგ ქალაქებში: თბილისში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ოზურგეთსა და ხულოში.
საგამოცდო ცენტრებში მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში იმუშავებენ სამედიცინო და პოლიციის პუნქტები. საგამოცდო პროცესი კი, ვიდეოკამერებით ჩაიწერება.
კვირის ამბები