სამართალი
09.06.2020 14:42
შავშვებთან მომხადრი ავარიის შედეგად დაშავებული სამი პირიდან ერთ-ერთი 12 წლის მოზარდია

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორი-შავშვების მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, დაშავებულთაგან ერთ-ერთი არასრულწლოვანია.

ავტობანზე მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა, რის შედეგადაც სამმა მგზავრმა სხეულის დაზიანება მიიღო.

დაშავებულები კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს. მორიგე ექიმის, ლექსო ხეთაგურის განცხადებით, არცერთი პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„შემოყვანილია სამი პაციენტი, ერთ-ერთი მათგანი გახლავთ 12 წლის მოზარდი. სამივე მათგანს სხეულზე აღენიშნება ექსკორაციები, თუმცა, დაზიანების ხარისხი საფრთხეს არ უქმნის არცერთი მათგანის სიცოცხლეს. სამივე პაციენტს ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, გაეწიათ ამბულატორიული დახმარება და გაეწერებიან ბინაზე“, - განაცხადა GMnews-თან საუბრისას „გორმედის“ ექიმმა ლექსო ხეთაგურმა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

კვირის ამბები