საზოგადოება
09.06.2020 11:57
Covid-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში შშმ პირები კვალიფიციურ დახმარებას უფასოდ მიიღებენ
პროექტის - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერა Covid-19-ის კრიზისის დროს“ ფარგლებში, ქვეყნის ხუთ რეგიონში მობილური ჯგუფი ამოქმედდა, რომლებიც ადაპტირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით უფასო მომსახურებას გაუწევს შშმ პირებს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს კვალიფიციურ კონსულტაციას და დახმარებას ექთანი, ოკუპაციური და ფიზიკური თერაპევტი ბინაზე გაუწევენ. როგორ GMnews-ს პროექტის ორგანიზატორებმა აცნობეს, დაინტერესებულმა პირებმა შეთავაზებით სარგებლობისთვის კვირის სამუშაო დღეების განმავლობაში - 09:00-დან 19:00 საათამდე, უნდა დარეკონ ცხელი ხაზის ნომერზე: 591 225 598. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და მათ მზრუნველებს შეუძლიათ მოგვმართონ შემდეგ საჭიროებებთან დაკავშირებით: ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალებით მომსახურება, პერსონალური ასისტენტის დახმარება მობილობაში, ოკუპაციური და ფიზიკური თერაპევტების, აგრეთვე, ექთნის ბინაზე ვიზიტი და კონსულტაცია. პროექტის მიზანია რისკისა და საგანგებო სიტუაციებში ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების კუთხით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ხელშეწყობა“, - ნათქვამია ორგანიზაცია „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, აღნიშნული პროექტი შიდა ქართლთან ერთად, ქვეყნის ოთხ რეგიონში - აჭარაში, გურიაში, იმერეთსა, სამეგრელო-ზემო სვანეთში, ხორციელდება.
კვირის ამბები