კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული სასწავლო პროცესის განახლების ზუსტ დროს საფეხბურთო სკოლის ადმინისტრაცია ვერ ასახელებს. ა(ა)იპ გორის საფეხბურთო კლუბ „გორის“ ხელმძღვანელის თქმით, მუშაობის ჩვეულ რეჟიმს მას შემდეგ დაუბრუნდებიან, რაც ჯანდაცვის სამინისტროსგან შესაბამის ნებართვას მიიღებენ.
„მუშაობის გაგრძელებას იმის შემდეგ შევძლებთ, როცა ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის ნებართვებს გასცემს. უნდა აღინიშნოს, რომ დისტანციური შრომის პირობებში, მთელი ამ დროის განმავლობაში, მწვრთნელები ეტაპობრივად აწვდიან აღსაზრდელებს ვარჯიშების კალენდარს, თუმცა, ცოტა რთულია კონტროლი, რამდენად ასრულებენ ამ დავალებებს ბავშვები. შემიძლია გითხრათ, რომ ახალი სეზონისთვის ჩვენს აღსაზრდელებს განახლებული ინფრასტრუქტურა დახვდებათ და ახალი შემართებით გავაგრძელებთ ვარჯიშს“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას ა(ა)იპ გორის საფეხბურთო კლუბ „გორის“ ხელმძღვანელმა, გია ისიანმა.
შეგახსენებთ, რომ გურამ გაბუნიას სახელობის გორის საფეხბურთო სკოლაში სასწავლო პროცესი კორონავირუსის გავრცელების პანდემიის გამო მარტიდან შეწყდა.