სამართალი
09.06.2020 11:34
წუხელ გორში მომხდარი ჩხუბის დროს დაშავებული 18 წლის ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

წუხელ, გვიან ღამით, გორში მომხდარი ჩხუბის დროს დაშავებული 18 წლის ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. პაციენტი კლინიკა „გორმედის“ რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მას წუხელ გვიან ღამითვე ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია.

კლინიკის რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ტატო ქაჯაიას განცხადებით, იგეგმება პაციენტის გადაყვანა თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში.

„შემოყვანილია 18 წლის ახალგაზრდა მრავლობითი დაზიანებებით, პაციენტს აღენიშნება ქალას ფუძის ხაზოვანი მოტეხილობა, თავის ტვინის შეშუპება, სახის ძვლების მოტეხილობა, ჰემატომები სხეულზე. პაციენტს ჩაუტარდა ყველა საჭირო გამოკვლევა და შემოყვანიდან უმოკლეს დროში გაკეთდა გადაუდებელი ოპერაცია. მისი მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა. პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში, თუმცა, იგეგმება მისი სპეციალიზებულ კლინიკაში გადაყვანა,“ - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას „გორმედის“ რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელმა ტატო ქაჯაიამ.

კვირის ამბები