საზოგადოება
08.06.2020 15:14
ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ გველის ნაკბენზე

ზაფხულის დადგომასთან ერთად, მოსახლეობის მხრიდან სულ უფრო მეტი კითხვა ჩნდება ქვეწარმავლების მხრიდან არსებული საფრთხის თაობაზე.
ცნობილია, რომ ქვეწარმავლების აქტიურობა პიკს ცხელ დღეებში აღწევს, შესაბამისად, დაკბენის შემთხვევებიც ცხელ სეზონზე მეტად ფიქსირდება.

სერპენტოლოგების თქმით, საქართველოში გავრცელებულია გველის 22 სახეობა, მათგან შხამიანია მხოლოდ 4 - ველის გველგესლა, კავკასიური გველგესლა, ცხვირრქოსანი გველგესლა, გიურზა.
აღმოსავლეთ საქართველოში ყველაზე საშიშია კავკასიური გიურზა, ხოლო დასავლეთ საქართველოში – კავკასიური და ველის გველგესლა.
რაც შეეხება იმას, როგორ უნდა ამოვიცნოთ შხამიანი გველის ნაკბენი – შხამიან გველს აქვს ორი კბილი, სადაც მოთავსებულია შხამი. კბენისას ქვეწარმავალი ორგანიზმში დაახლოებით ნახევარ მილილიტრ შხამს უშვებს. შხამიანი გველის ნაკბენ ადგილას, ერთმანეთისგან დაახლოებით 1 სმ-ის დაშორებით, რჩება ორი წერტილი ნამგლისებური ჩანაჭდევებით, ხოლო არაშხამიანის ნაკბენ ადგილას – რამდენიმე, თუმცა, ორი წერტილი შესაძლოა ამ შემთხვევაშიც შეიმჩნეოდეს.
რა სიმპტომები ახასიათებს გველის ნაკბენს, რას იწვევს გველის შხამი, რა უნდა გაკეთდეს პირველი დახმარების სახით - GMnews-მა ამ კითხვებით ,,გორმედის“ რაბიოლოგს, დავით გასიტაშვილს მიმართა.
,,საუბარს დავიწყებ იმით, რომ ახალგამოჩეკილი გველის შხამიც ისეთივე საშიშია, როგორც ზრდასრულის. ის შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, ფერმენტებს, პოლიპეპტიდებს, რომლებიც ართულებს სისხლის შედედებას, იწვევს ერითროციტების (სისხლის წითელი ბურთულების) დაშლას და აზიანებს სისხლძარღვთა კედლებს, რაც, ბუნებრივია, ყველა ორგანოზე აისახება.
ნაკბენ არეში კბენისთანავე იწყება ძლიერი ტკივილი, წვა, მცირე სისხლდენა, კანქვეშა სისხლჩაქცევები, შეშუპება, რომელიც სწრაფად ვრცელდება და ასევე, შეიმჩნევა სილურჯე. რაც შეეხება ზოგად სიმპტომებს, აღინიშნება აღგზნება, შიშის შეგრძნება, ძლიერი ნერწყვდენა, ტკივილი მუცლის არეში, სუნთქვის გაძნელება, პულსის მომატება, წნევის ვარდნა, რასაც შესაძლოა გონების დაკარგვაც მოჰყვეს. მნიშვნელოვანია კბენის ადგილიც - რაც უფრო ახლოსაა შხამიანი გველის ნაკბენი წამყვან სასიცოცხლო ორგანოებთან, მაგალითად, გულთან, მით უფრო სწრაფად ვითარდება ზოგადი ინტოქსიკაცია ვიდრე კიდურზე კბენის შემთხვევაში”, - განაცხადა დავით გასიტაშვილმა.

ქვეწარმავლისგან დაკბენილი პაციენტის დასახმარებლად საზოგადოებაში არაერთი არასწორი შეხედულებაა გავრცელებული, თუმცა, სპეციალისტების რეკომენდაციები მკვეთრად განსხვავდება მოსახლეობაში არსებული მოსაზრებებისგან.
,,ქვეწარმავლისგან დაკბენილმა პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას. იმ შემთხვევაში კი, თუ კლინიკა ახლო მანძილში არ მდებარეობს, ნაკბენი ადგილი უნდა დამუშავდეს ბეტადინის ხსნარით და ნაკბენ ადგილსა და მის ირგვლივ მოთავსდეს ყინული, ეს სისხლძარღვთა სპაზმს გამოიწვევს და ხელს შეუშლის შხამის გავრცელებას, ხოლო, თუ ამის საშუალებაც არაა, უკიდურეს შემთხვევაში, შესაძლოა გამოყენებული იყოს ნაკბენი ადგილის დასერვის მეთოდი, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ დასერვა მოხდება სტერილურად, სხვა შემთხვევაში კი, შესაძლოა, ამ მეთოდმა გართულებები გამოიწვიოს და ამიტომ კატეგორიულად არ შეიძლება. პაციენტისთვის დაუშვებელია კბენის შემდეგ ალკოჰოლის მიღება, რადგან ალკოჰოლი შხამის მოქმედებას აძლიერებს.
ქვეწარმავლისგან დაკბენილ პაციენტს უკეთდება სპეციალური ანტიდოტი, ანტიგიურზინი ან პოლივალენტური გველის შხამის საწინააღმდეგო შრატი, თუმცა, შრატი ყველა შემთხვევაში არ გამოიყენება, ვინაიდან არსებობს შრატზე გვერდითი ეფექტებიც. ხდება პაციენტზე დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში ტარდება ვაქცინაცია აღნიშნული პრეპარატებით. საჭიროა თუ არა ვაქცინაცია, ეს განისაზღვრება უშუალოდ პაციენტზე დაკვირვების საფუძველზე”, - აღნიშნა გასიტაშვილმა.

არსებული სტატისტიკით, საქართველოში, ყოველწლიურად, გველის ნაკბენის დიაგნოზით,   საშუალოდ, 30 - 40 პაციენტის ჰოსპიტალიზაცია ხდება, ფატალური შემთხვევები კი იშვიათია. მსოფლიოს სხვა ქვეყნებში კი, სადაც ქვეწარმავლების გაცილებით მეტი შხამიანი სახეობა ბინადრობს, შედეგებიც მძიმეა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში, ყოველწლიურად, ქვეწარმავლებისგან დაკბენის 500 000-მდე შემთხვევა ფიქსირდება, მათგან, 50 000-მდე პაციენტი კვდება.

კვირის ამბები