საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვების გაუქმების კიდევ ერთი ეტაპი საქართველოში დღეიდან ამოქმედდა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ამჟამად ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, რესტორნებს, სასტუმროებს და სავალუტო პუნქტებს, თუმცა, ყველა ჩამოთვლილ ობიექტს ფუნქციონირება გარკვეული რეკომენდაციების დაცვით მოუწევს.
დღეიდან, 8 ივნისიდან მთელი საქართველოს მასშტაბიტ ამოქმედდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც, თუმცა, მიკროავტობუსების თუ ავტობუსების მგზავრებისთვის პირბადის ტარება აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, თითოეული მგზავრი დაჯარიმდება 50 ლარით.
დღეიდან, მუშაობის განახლების უფლება ეძლევათ დახურული ტიპის რესტორნებს, თუმცა, სავალდებულოა გარკვეული რეკომენდაციების დაცვა. მათ შორის, მომხმარებლებისთვის აუცილებელია პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, ერთ მაგიდაზე დასაშვებია მაქსიმუმ 6 ადამიანის განთავსება.
იხსნება სასტუმროებიც, თუმცა, მათაც გარკვეული რეკომენდაციების დაცვით მოუწევთ მუშაობა და მხოლოდ იმ ობიექტებს მიეცათ ფუნქციონირების უფლება, რომლებსაც გავლილი აქვთ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმებები და მიეცათ მუშაობის განახლების ნებართვა.
ფუნქციონირება განაახლეს ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმაც.
სარკინიგზო სამგზავრო ტრანსპორტის გადაადგილება კვლავ აკრძალული რჩება.