საზოგადოება
07.06.2020 12:34
ხვალიდან, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის, რესტორნების და სასტუმროების მუშაობა აღდგება

კორონავირუსული ინფექციის პანდემიის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვების გაუქმების კიდევ ერთი ეტაპი ხვალიდან ამოქმედდება.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ამჟამად ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, რესტორნებს, სასტუმროებს და სავალუტო პუნქტებს, თუმცა, ყველა ჩამოთვლილ ობიექტს ფუნქციონირება გარკვეული რეკომენდაციების დაცვით მოუწევს.

8 ივნისიდან დახურული ტიპის რესტორნებს მუშაობის განახლების უფლება ეძლევათ, თუმცა, სავალდებულოა გარკვეული რეკომენდაციების დაცვა. მათ შორის, მომხმარებლებისთვის აუცილებელია პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, ერთ მაგიდაზე დასაშვებია მაქსიმუმ 6 ადამიანის განთავსება.

8 ივნისიდან ამოქმედდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც და მიკროავტობუსები თუ ავტობუსები მგზავრების გადაყვანას მთელი საქართველოს მასშტაბით შეძლებენ.

ორშაბათიდან გაიხსნება სასტუმროები, თუმცა, მათაც გარკვეული რეკომენდაციების დაცვით მოუწევთ მუშაობა და მხოლოდ იმ ობიექტებს მიეცემათ ფუნქციონირების უფლება, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმებები და მიეცემათ მუშაობის განახლების ნებართვა.

ფუნქციონირებას ხვალიდან განაახლებს ვალუტის გადამცვლელი პუნქტებიც.

რაც შეეხება სარკინიგზო ტრანსპორტის გადაადგილებას, სამგზავრო მატარებლების მოძრაობა კვლავ აკრძალული რჩება.

კვირის ამბები