შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის სამმართველოს თანამშრომლებმა, 80 წლის მამაკაცი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
1940 წელს დაბადებულ ა.კ-ს, ბრალად ედება შვილიშვილზე, 14 მ.კ-ზე ძალადობა. გამოძიების ინფორმაციით, ძალადობის შესახებ ბავშვმა სოციალურ მუშაკს თავად აცნობა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა ფიზიკურად იძალადა თავის შვილიშვილზე - 2006 წელს დაბადებულ მ.კ.-ზე. ბავშვმა ძალადობაზე ინფორმაცია მიაწოდა სოციალურ მუშაკს, რომელმაც აღნიშნულის შესახებ პოლიციას შეატყობინა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა)
მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.