5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა. თარიღი გასული საუკუნის 70-იან წლებში გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით დაწესდა, მიზანი კი გარემოსდაცვით საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, არსებული გარემოსდაცვითი გამოწვევების დაძლევა და პროცესებში საზოგადოების აქტიური ჩართულობაა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით „გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა“ ყოველი წლის 5 ივნისს გარემოსდაცვით ერთ-ერთ პრობლემას უძღვნის. 2020 წელს გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის მთავარ თემა ბიომრავალფეროვნებაა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ბიომრავალფეროვნების დაცვისა და შენარჩუნების მნიშვნელობას.
„ჩვენი ორგანიზაცია, სხვადასხვა აქტივობებით ყოველწლიურად ერთვება ამ დღის აღნიშვნის კამპანიაში. წელს, დაგეგმილი გვაქვს ონლაინტრენინგი, რომლის მეშვეობითაც დაინტერესებულ პირებთან ერთად ბიომრავალფეროვნების დაცვისა და შენარჩუნების მნიშვნელობაზე ვიმსჯელებთ“, - აღნიშნა GMnews-თან კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი CENN-ის შიდა ქართლის კოორდინატორმა ირმა კიტრიაშვილმა.
გარემოს დაცვის მსოფლიო დღე 1974 წლის 5 ივნისიდან, ყოველწლიურად, მთელ მსოფლიოში მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნება.