„გორმედის“ ქსელის ქარელის ცენტრალური საავადმყოფო, რომელიც ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში, 19 აპრილიდან ე.წ. ცხელების ზონად იყო გამოცხადებული, ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა. კლინიკაში არსებულ მდგომარეობას შიდა ქართლის გუბერნატორი ქარელის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად გაეცნო. გიგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, რეგიონში ვითარება სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება.
„დღეის მდგომარეობით, რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება, ამიტომ, ეს კლინიკა, რომელიც 19 აპრილიდან მთლიანად წარმოადგენდა ე.წ. ცხელების ზონას, უბრუნდება სტანდარტულ სამედიცინო რეჟიმს და სერვისებს, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, თუ იქნება ეპიდემიოლოგების შესაბამისი რეკომენდაცია, აქ მოქმედებს იზოლირებულად ბოქსირებული განყოფილება, რომელიც უზრუნველყოფს კოვიდზე საეჭვო პაციენტების მართვას. კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას მედპერსონალს, იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მაღალი რისკის შემცველ გარემოში, თავდაუზოგავად უწევდათ მუშაობა. მათ ნამდვილად პროფესიონალურად გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას“, - განაცხადა გიგი ხოჯევანიშვილმა.
„გორმედის“ გენერალური დირექტორის, ვასილ ჭეიშვილის ინფორმაციით, საავადმყოფო ყველა არსებული რეკომენდაციის დაცვით, კვლავ მრავალპროფილური დატვირთვით მოემსახურება პაციენტებს. რაც შეეხება „ცხელების ცენტრს“, ჭეიშვილის თქმით, 19 აპრილიდან 1-ელ ივნისამდე, „გორმედის“ ქსელის ქარელის ცენტრალურმა საავადმყოფომ ცხელების ზონის სტაციონარში 260 პაციენტი მიიღო. მისივე თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში 335 ნიმუში გაიგზავნა, მათ შორის 75 - სამედიცინო პერსონალის, ამასთან, გაკეთდა 64 სწრაფი ტესტი და არცერთი შემთხვევა არ დადასტურდა.