დღეიდან, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს შენობებში შემსვლელი მოქალაქეების თერმოსკრინინგი განხორციელდება. GMnews-ის ინფორმაციით, ტემპერატურის კონტროლი ჩაუტარდება როგორც თანამშრომლებს, ასევე, ყველა იმ მოქალაქეს, ვინც შენობაში შევა.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის, ზაზა ნასყიდაშვილის თქმით, თერმოსკრინინგი მოქალაქეთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით განხორციელდება და კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ვირუსის გავრცელების საფრთხის აღმოფხვრამდე გაგრძელდება.
ზაზა ნასყიდაშვილის ინფორმაციით, თერმოსკრინინგისთვის საჭირო ტექნიკური მხარე შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციამ უზრუნველყო.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, გორის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე 12 მარტიდან გადავიდა. გორის მუნიციპალიტეტის მერის შესაბამისი გადაწყვეტილების თანახმად, ჩვეული გრაფიკით მუშაობდნენ მუნიციპალიტეტის მერი, მოადგილეები, სამსახურებისა და განყოფილებების ხელმძღვანელები. 1-ლი ივნისიდან კი, გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში არსებული სამსახურების ნაწილმა მუშაობა სრულად განაახლა, ნაწილი კი - კვლავ ნაწილობრივი დისტანციური მუშაობის რეჟიმზეა.