საზოგადოება
11.10.2019 16:04
პარკირების აბონემენტის შეძენას goriparking.ge-ზეც შეძლებთ

გორის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს პარკირების სამსახურს ახალი საიტი აქვს. goriparking.ge სატესტო რეჟიმში მუშაობს და მალე სრულად ამოქმედდება, სადაც შეგიძლიათ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ პარკირების წესდებასთან ერთად, საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებულ ნორმატიულ აქტებსაც გაეცნოთ. ამასთან საიტზე განთავსებულია ველები, რომელზე გადასვლითაც შეძლებთ აბონემენტის საფასურისა და ჯარიმის თანხის გადახდას, აქვე მიიღებთ ინფორმაციას საჯარიმო ავტოსადგომების შესახებ.

„გორელ მძღოლებს შესაძლებლობა აქვთ, პარკირების საფასური სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით, ან ნებისმიერი ბანკის ფილიალში გადაიხადონ. ამასთანავე, სერვისის გაუმჯობესების მიზნით, შევქმენით საიტი goriparking.ge, სადაც მოქალაქეები საინტერესო ინფორმაციის გაცნობასთან ერთად, შეძლებენ პარკირების და ჯარიმის თანხის გადახდას. ამ ეტაპზე საიტით გადახდა არ ხდება, თუმცა მოკლე ხანში ვებ.გვერდი სრულად გაიმართება", - ამბობს გორის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს დირექტორი, ბაჩანა გვიანიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გორში პარკირების ფასიანი სისტემა 1 ოქტომბრიდან ამოქმედდა. მძღოლებს, ამ ეტაპზე პარკირების საფასურის გადახდა მხოლოდ tbc pay-ს აპარატებიდან შეუძლიათ, თვის ბოლომდე კი, სერვისი ყველა სწრაფი გადახდის აპარატსა და ბანკის ფილიალში იქნება ხელმისაწვდომი.

კვირის ამბები