დევნილ ოჯახებს გორსა და ხაშურში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადების შევსება დღეიდან შეუძლიათ
დევნილ ოჯახებს, რომლებიც ამ დრომდე, სახელმწიფოსგან საცხოვრებელი არ დაკმაყოფილებულან, გორსა და ხაშურში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადების შევსება უკვე შეუძლიათ. აღნიშნული პროცესი დღეიდან დაიწყო და 18 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
როგორც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში აცხადებენ, სახელმწიფოს, გორსა და ხაშურში მდებარე ახალაშენებულ კორპუსებში უკვე შესყიდული აქვს 16 ბინა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მენაშენეების კონკურსიც, რომლის ფარგლებშიც სააგენტო გორში ბინებს დამატებით კიდევ შეისყიდის. შეძენილისაცხოვრებელი ფართები, დევნილ ოჯახებს გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გადაეცემათ.
აღმოსავლეთ საქართველოში რეგისტრირებულ, იძულებით გადაადგილებულ პირებს, ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება, გორში, სამების N1-ში მდებარე დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოში შეუძლიათ. დაინტერესებული პირები აპლიკაციის შევსებას ასევე შეძლებენ იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალშიც.
შეგახსენებთ, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ, შიდა ქართლის რეგიონში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების განაწილების წინა ეტაპზე, 34 მსურველის განცხადება დააკმაყოფილა. გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, ჭონქაძის ქუჩაზე მდებარე ახალაშენებულ კორპუსში დევნილმა ოჯახებმა საცხოვრებელი ფართები თებერვალში მიიღეს.