საქალაქთაშორისო მოძრაობის აღდგენის მიუხედავად, 8 ივნისიდან სარკინიგზო მიმოსვლა არ აღდგება
საქართველოში სარკინიგზო გზით მგზავრთა გადაყვანა, საქალაქთაშორისო მოძრაობის აღდგენის მიუხედავად, 8 ივნისიდან არ განახლდება. აღნიშნულის შესახებ მთავრობის 345-ე დადგენილებაშია აღნიშნული.
დოკუმენტის თანახმად, სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა შეჩერებულია განუსაზღვრელი ვადით, გარდა სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლისა. საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით შექმნილ უწყებათაშორის საბჭოსთან არსებულ ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებითდაშვებულია მხოლოდ სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ შემუშავებული გრაფიკით თანამშრომლების გადაადგილება/გადაყვანა საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაო ადგილამდე და პირიქით.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა 8 ივნისიდან განახლდება, ასევე, აღდგება ყველა სახის მომსახურება რესტორნებსა და სასტუმროებში, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმებები და ექნებათ შესაბამისი ნებართვა.