გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეროვნული გამოცდების ჩატარება ივლისის პირველ რიცხვებში იგეგმება. უწყებამ უკვე გამოაცხადა შესაბამისი ტენდერი საგამოცდო პროცესისთვის აუცილებელ მოწყობილობებისა და აქსესუარების შესაძენად.
გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ გამოცდების ჩატარება ივლისის პირველ რიცხვებშია დაგეგმილი და საგამოცდო ცენტრები ყველა საჭირო ინვენტარით უნდა იყოს აღჭურვილი.
„ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდების, საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირების ჩატარების დაწყება იგეგმება 2020 წლის ივლისის პირველ რიცხვებში და საორიენტაციოდ გაგრძელდება ერთი თვე. გამოცდების დაწყებამდე საგამოცდო ცენტრები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა საჭირო საქონლითა და მომსახურებით,“- ნათქვამია უწყების განცხადებაში.
შესყიდვების სააგენტოს ვებ.გვერდზე გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ატვირთული სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სადეზინფექციო საშუალებებში 27 500 ლარს გადახდას გეგმავს, სამედიცინო მოწყობილობისთვის კი - 266 250 ლარს. შესყიდვის ჯამური თანხა 1 676 270 ლარია.