საზოგადოება
03.06.2020 17:27
დევნილ ოჯახებს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლებს აუშენებენ - პროექტის მონაწილე ოჯახების მონიტორინგი დღეიდან დაიწყო
გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებ იმ დევნილ ოჯახებს, რომლებსაც საკუთრებაში აქვთ მიწის ნაკვეთები, თუმცა დღემდე არ დაკმაყოფილებულან საცხოვრებელი ფართით, აღნიშნულ ნაკვეთებში სახლებს აუშენებენ.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ იძულებით გადაადგილებული ამ კატეგორიის ოჯახების მონიტორინგის პროცესი დღეიდან დაიწყო.

პროექტში მონაწილეობა იძულებით გადაადგილებულ იმ ოჯახებს შეეძლოთ, რომლებიც  2020 წლის 1 თებერვლამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობენ და საცხოვრებელი ფართი არ მიუღიათ.

„პროექტში მონაწილე ყველა ის დევნილი ოჯახი გადამოწმდება, რომელსაც განსახლების კრიტერიუმების მიხედვით მინიჭებული აქვს მინიმუმ 1 ქულა. გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს, რომელიც დევნილთა განსახლებასთან ერთად, მათ ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო ინტეგრაციასაც ითვალისწინებს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე, დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის რეგიონში, 122 სახლი აშენდება“, - ნათქვამია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები