საზოგადოება
03.06.2020 10:10
სოფელ მეჯვრისხევში ახალი სკოლა შენდება

სოფელ მეჯვრისხევში, 150 მოსწავლეზე გათვლილი სასკოლო შენობის მშენებლობა მიმდინარეობს.

საგანმანათლებლო დაწესებულების მშენებლობა-კეთილმოწყობისთვის 2,5 მლნ. ლარია გათვალისწინებული. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.

პროექტის ფარგლებში, სკოლის შენობის გარდა, გათვალისწინებულია ეზოს და ღია სპორტული მოედნის კეთილმოწყობა.

მეჯვრისხევში მიმდინარე სამუშაოებს შიდა ქართლის რწმუნებული გიგი ხოჯევანიშვილი მოადგილესთან, სიმონ გულედანთან და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

,,ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. ამჟამად, ჩვენს რეგიონში 5 ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს, ერთ-ერთი გახლავთ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვრისხევის სკოლა, სადაც სამუშაოები გეგმაზომიერად მიმდინარეობს. მცირე შეფერხება იყო პანდემიიდან გამომდინარე, ამჟამად კი უკვე სრული დატვირთვით მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები და იმედი გვაქვს, რომ ახალი სასწავლო წლისთვის, ამ სოფელს, აქაურ მოსწავლეებს და პედაგოგებს ექნებათ ახალი, თანამედროვე, მაღალი სტანდარტების სკოლა სპორტული მოედნითა და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურით“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა.

კვირის ამბები