ტურიზმი
02.06.2020 16:37
გორში არსებული სასტუმროები სტუმრების მისაღებად ემზადებიან, გაიზრდება თუ არა ფასები

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საოჯახო და სტანდარტული ტიპის სასტუმროების ნაწილი მომხმარებლის მისაღებად ემზადება. გარკვეული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და რეგულაციების გათვალისწინებით, მუშაობის განახლების საშუალება აღნიშნული ტიპის დაწესებულებებს 8 ივნისიდან მიეცემათ.

GMnews-ის ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან ფუნქციონირებისთვის აუცილებელი მოთხოვნების შესახებ წერილობითი რეკომენდაციები უკვე მიიღეს განთავსების ობიექტების მეპატრონეებმა.

სასტუმრო „ლაქის“ ადმინისტრატორი ანა პაიჭაძე GMnews-თან აცხადებს, რომ ახალი რეგულაციების მიუხედავად, ფასების ზრდა მათთან არ იგეგმება.

„ჩვენი სასტუმრო გახსნისთვის მზად არის. ბუნებრივია, მუშაობის დაწყებისას გავითვალისწინებთ ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციას: მოწყობილი გვაქვს დეზობარიერი, ორმეტრიანი დაშორებით განვათავსეთ მაგიდები, პერსონალი კი, აღჭურვილი გვყავს პირბადეებით, ხელთათმანებით და სახის დამცავი ფარებით. რა თქმა უნდა, დასუფთავებისას სისტემატურად ვიყენებთ სადეზინფექციო ხსნარებს. ბუნებრივია, აქ მომუშავე პირებთან ერთად, თერმოსკრინინგს ჩავუტარებთ ყველა სტუმარსაც. მართალია, ეს ყველაფერი ხარჯებს უკავშირდება, მაგრამ ჩვენ ეს ხარჯები ისედაც გვქონდა და ამ ეტაპზე არ ვაპირებთ ფასების გაზრდას არც სასტუმროში და არც რესტორანში. ასე რომ, 8 ან 9 ივნისიდან, ადგილობრივ მომხმარებლებს სიამოვნებით ვუმასპინძლებთ. ტურისტული სეზონის გახსნის შემდეგ კი, მზად ვიქნებით, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მოგზაურების მისაღებად“.

იგივეს ამბობენ სხვა სასტუროებშიც. ობიექტების მეპატრონეების თქმით, სავარაუდოდ, ტურისტთა სიმრავლე მოსალოდნელი არ არის, შესაბამისად, მუშაობას სტანდარტული ფასებით განაახლებენ, რომ რაც შეიძლება მეტ ვიზიტორს უმასპინძლონ.

შეგახსენებთ, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კვებისა და განთავსების ობიექტებმა ფუნქციონირება ორი თვის წინ შეწყვიტეს. რაც შეეხება ვითარებას ტურისტულ სექტორში, საქართველოში, შიდა ტურიზმის ამოქმედება 15 ივნისს იგეგმება, საერთაშორისო ტურისტებს კი, ქვეყანაში 1 ივლისიდან ელიან.

კვირის ამბები