საზოგადოება
02.06.2020 16:22
გორში ბინების ფასები არ შეცვლილა, თუმცა, მოთხოვნა შემცირებულია

ახალი კორონავირუსის გავრცელების პირობებში არაერთ ეკონომიკურ საქმიანობას ფინანსური ზარალი მიადგა. GMnews დაინტერესდა, რა გავლენა იქონია კოვიდინფექციის გავრცელებით გამოწვეულმა მდგომარეობამ უძრავი ქონების ბაზარზე.

Gmnews-ი დეტალური ინფორმაციის მოსაპოვებლად გორში მოქმედი უძრავი ქონების სააგენტოებს და მაკლერებს დაუკავშირდა.

სააგენტოებში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში, ბინების სარეალიზაციო ფასს არ მოუმატია, თუმცა, მოთხოვნამ იკლო. მათი ინფორმაციით, მოქალაქეთა უმრავლესობას შემოსავალი შეუმცირდა, ბევრი კი, მოვლენების განვითარებას ელოდება და მსხვილი შენაძენისგან თავს იკავებს.

რაც შეეხება საერთო მდგომარეობას პანდემიამდე, გორში, ბოლო ორი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით გაიზარდა ბინების ყიდვის მოთხოვნა, თუმცა, შეძენის მსურველთა რაოდენობას კიდევ უფრო აჭარბებს ქირით ან გირაოს მეშვეობით ბინის მაძიებელთა რიცხვი. Gmnews-თან საუბრისას, მაკლერები იმასაც ამბობენ, რომ ტექნოლოგიების განვითარების პირობებში, გამყოიდველსა და მყიდველს შორის შუამავლის აუცილებლობა თითქმის აღარ დგას და მოქალაქეები პირდაპირი კომუნიკაციის გზით, ძირითადად, სოციალური ქსელის დახმარებით აგვარებენ ყიდვა-გაყიდვის თუ ქირავნობა-გირავნობის საკითხს. გავრცელებული პრაქტიკა აჩვენებს, რომ ბინის დაქირავების მსურველები უფრო ხშირად ერთოთახიანებზე აკეთებენ აქცენტს.

რაც შეეხება ფასებს, ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიაზე მდებარე ერთოთახიან, გარემონტებულ, საყოფაცხოვრებო ტექნიკით აღჭურვილ კომფორტულ ბინას 400 ლარად იქირავებთ, ამავე ტერიტორიაზე, თუმცა, ნაკლები კომფორტით, ბინის ქირაობა შესაძლებელია 250-300 ლარის ფარგლებშიც. ქალაქის გარეუბნებში ერთოთახიანი ბინის ქირის ფასებს, კომფორტის, ტექნიკური აღჭურვილობისა და რემონტის მიხედვით, 200-დან 300 ლარის ფარგლებშია. რა ღირს გორში ბინის დაგირავება ერთოთახიანი ბინის გირაოთი აღების ფასები 5-6 000 აშშ. დოლარია;

გაზრდილია მოთხოვნა ოროთახიანი ბინების დაგირავებაზე და ყიდვა-გაყიდვის ბიუროების ინფორმაციით, მოთხოვნის გაზრდის შესაბამაისად, მოიმატა ფასებმაც - წინა წლებში თუ შესაძლებელი იყო ოროთახიანის 7-8 000 აშშ. დოლარად გირაობა, ახლა, ოროთახიანის გიარობა 10 000 აშშ. დოლარზე ნაკლებ ფასად პრაქტიკულად შეუძლებელია. სამოთახიანის გირაობა კი, 10-15 ათასი დოლარის ფარგლებშია. რა ღირს გორში საცხოვრებელი ფართის შეძენა რაც შეეხება გორში ბინის შეძენის მსურველთა მოთხოვნას, უბნების მიხედვით, მოთხოვნა ამგვარად ფიქსირდება: 1 - გორის ცენტრალური უბანი; 2 - წმინდა წყლის დასახლება; 3 - კომბინატის დასახლება; 4 - ვერხვების დასახლება; 5 - ჭალის დასახლება; 6 - კვერნაქი - რკინიგზის სადგურის დასახლება. გორში, სხვადასხვა უბანში, ძველი რემონტის მქონე ერთოთახიანი ბინის ფასი 11-13 000 აშშ. დოლარის ფარგლებში მერყეობს. ქალაქის ცენტრში მდებარე გარემონტებული, კომფორტული ერთოთახიანი კი, 15-18 000 აშშ. დოლარი ღირს; ამავე უბანში, ოროთახიანი და სამოთახიანი ბინების შეძენა 32 000 – 35 000 დოლარზე ნაკლებად შეუძლებელია, რაც შეეხება სხვა უბნებს, ე.წ. დეესკის ბინებში ოროთახიანის ფასი დაახლოებით 15 000 დოლარით განისაზღვრება, აგურით ნაშენ კორპუსებში კი - ოროთახიანი ბინების ფასი 18 000-დან იწყება. რაც შეეხება სამოთახიან ბინებს, ადგილმდებარეობისა და სხვა დეტალების გათვალისწინებით, ფასები 23 000 დოლარიდან იწყება. რაც შეეხება არჩევანს ახალაშენებულ და ძველ ბინებს შორის, ახალ ბინებზე მეტი მოთხოვნაა, რაც განპირობებულია თანამედროვე პროექტებით, კორპუსებში არსებული კომუნიკაციებით (ლიფტი, ინტერნეტი, ტელევიზია), საცხოვრებელი ფართის ჭერის სიმაღლით.

კვირის ამბები