გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 წლის ბავშვი დაშავდა. სასოფლო გზაზე მოძრავი ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ბავშვს დაეჯახა.
დაშავებული ბიჭი კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანეს. მორიგე ქირურგის, ლექსო ხეთაგურის ინფორმაციით, იგეგმება მცირეწლოვანი პაციენტის გადაყვანა თბილისში, ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში.
,,პაციენტი კლინიკაში შემოყვანილია პოლიტრავმით, აღენიშნება ზედა და ქვედა კიდურების დაჟეჟილობა, დაზიანება თავის არეში, თერმული დამწვრობა ბეჭების მიდამოში. 6 წლის პაციენტს ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, მათ შორის, მაღალტექნოლოგიური კვლევები, გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და დაშავებული ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. უმოკლეს დროში მოხდება მისი გადაყვანა თბილისში, ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში, სადაც გააგრძელებს მკურნალობას“, - განაცხადა ლექსო ხეთაგურმა.
მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.