01.06.2020 16:57
აბიტურიენტებს, რომლებსაც გამოცდის დღეს თერმოსკრინინგით 37 გრადუსი ტემპერატურა დაუფიქსირდებათ, გამოცდის ჩაბარების ალტერნატივა ექნებათ
აბიტურიენტებს, რომლებსაც გამოცდის დღეს, თერმოსკრინინგის შედეგად 37 გრადუსი ტემპერატურა დაუფიქსირდებათ, გამოცდის ჩაბარების ალტერნატივა ექნებათ, - აღნიშნულის შესახებ, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძის თქმით, ტემპერატურის დაფიქსირების გამო აბიტურიენტი არ უნდა დაიჩაგროს.
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრთან ერთად ვმუშაობთ რეკომენდაციებზე, როგორი უნდა იყოს გარემო, სადაც გამოცდები ჩატარდება. რამდენი აბიტურიენტი უნდა იყოს დარბაზში, რამდენი კვადრატული მეტრი უნდა იყოს ერთმანეთთან დაშორება და ა.შ. ვიდრე საბოლოო რეკომენდაციები არ დაიდება, კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, თუმცა, შემიძლია იმის თქმა, რას ეხება ეს რეკომენდაციები, მაგალითად, როგორ უნდა გამოიყენონ ნიღაბი, თერმოსკრინინგი უნდა ჩატარდეს თუ არა შესვლისას. დარწმუნებული ვარ, ივნისის შუა რიცხვებში ეს რეგულაციები გამოქვეყნდება. რაც შეეხება გამოცდების გადადების თემას, ეს დამოკიდებულია განათლების სამინისტროზე და ეპიდსიტუაციაზე, რომელიც იქნება ივნისში. აქვე გეტყვით იმასაც, რომ მსჯელობა თერმოსკრინინგთან მიმართებაშიც მიმდინარეობს. ვფიქრობთ, თუ გამოცდის წინ, თერმოსკრინინგისას, ვინმეს დაუფიქსირდა 37 გრადუსი ტემპერატურა, ამ დროს აბიტურიენტს არ გაუცდეს გამოცდა და მისთვის უნდა მოხდეს ალტერნატივის შეთავაზება, რომ აბიტურიენტი არ დაიჩაგროს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.