შიდა ქართლის რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. აქტიურ ფაზაშია ხაშურის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის პროცესი.
მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი შიდა ქათლის რწმუნებულის პირველ მოადგილესთან, სიმონ გულედანთან ერთად გაეცნო.
ლევან კობიაშვილმა, ობიექტის დათვალიერებისას ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პანდემიის მიუხედავად, მშენებლობა უპრობლემოდ და რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს და აღნიშნა, რომ პროექტი არამხოლოდ ხაშურისთვის, არამედ ქვეყნისთვისაა მნიშვნელოვანი.
„ხაშური საკმაოდ დიდი საფეხბურთო ტრადიციების ქალაქია, თუმცა ბოლო წლებში ინფრასტრუქტურის არ არსებობის გამო, ადგილობრივები და განსაკუთრებით ბავშვები, ფეხბურთში ჩართავს ვერ ახერხებდნენ. სწორედ ამიტომ დაიგეგმა და ხორციელდება ეს პროექტი. სასიცოცხლო მნიშვნელოვანია, რომ როგორც ხაშურში, ასევე, მთლიანად რეგიონში ფეხბურთის და ზოგადად, ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმართ ინტერესი გაიზარდოს. ფეხბურთის ფედერაციისთვის და პირდად ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის პრიორიტეტულია, რომ ფეხბურთში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს და მეტი ინფრასტრუქტურა მოეწყოს“, - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე განთავსდება საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო მოედანი, 2000 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნთ და თანამედროვე განათებით. ასევე, დამხმარე შენობა-ნაგებობებით, ავტოსადგომთ, გამწვანების ზოლითა და საფეხმავლო ბილიკებით.
სტადიონის მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტი თანადაფინანსებით ახორციელებენ.