ღია სივრცის მქონე რამდენიმე კაფემ გორში ფუნქციონირება განაახლა. ქალაქის ცენტრში მდებარე კაფე ,,შანზელიზე“ სტუმრებს დილიდან მასპინძლობს, თუმცა, დღეიდან 8 ივნისამდე კვების ობიექტი ნაწილობრივი დატვირთვით იმუშავებს და მხოლოდ ღია სივრცე იფუნქციონირებს. რაც შეეხება გორში არსებულ რესტორნებს, რომლებსაც ღია ვერანდა და ტერასაც გააჩნიათ, ობიექტების უმრავლესობა მუშაობის განახლებას 8 ივნისიდან გეგმავს.
სწორედ 8 ივნისიდან უმასპინძლებს სტუმრებს გორის ცენტრში მდებარე კიდევ ერთი კვების ობიექტი - ,,კაფე 22“.
კვების ობიექტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ახალი რეგულაციებისა და სტანდარტების შემუშავებაზე მუშაობენ, რომ მომხმარებელმა თავი დაცულად იგრძნოს.
,,ძალიან მოგვენატრა მომხმარებელთან შეხვედრა და მოხარულები ვართ, რომ ამის შესაძლებლობა ძალიან მალე მოგვეცემა.. პანდემიამ ყველა უამრავი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა და ახლა, როგორც არასდროს, განსაკუთრებული ძალისხმევით უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. - ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი სტუმრებისა და თანამშრომლების უსაფრთხოება/ ჯანმრთელობა. ამიტომაც, უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ უსაფრთხოების ახალი რეგულაციებისა და სტანდარტების შემუშავებაზე, რათა ჩვენთან ყველამ დაცულად იგრძნოს თავი. გვესტუმრეთ 8 ივნისიდან", - განაცხადა GMnews-თან საუბრისას ,,კაფე 22"-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა შმაგი ბერუაშვილმა.
კვების ობიექტებისთვის დადგენილი ზოგადი რეკომენდაციები ითვალისწინებს მაგიდებისა და სტუმრების განლაგების დისტანცირებას, წინასწარი დაჯავშნის სისტემის, მაგიდის ერთჯერადი გადასაფარებლების გამოყენებას და დასუფთავების გამკაცრებულ ზომებს.
ერთ მაგიდასთან განთავსებულ მომხმარებლებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 1-მეტრიანი დისტანცია. რეკომენდაცია ეხება მენიუსაც - რეკომენებულია, რომ სტუმრებს ერთჯერადი, ბეჭდური მენიუ შესთავაზონ.
რაც შეეხება რესტორნების მომსახურების სრულად აღდგენას, დახურული სივრცისთვის დადგენილი წესების დაცვის საფუძველზე, 8 ივნისიდან იგეგმება.