საზოგადოება
01.06.2020 13:38
ყველას მოვუწოდოთ, რომ გაიკეთონ პირბადე, ძალიან გთხოვთ, ეს მარტივი თვითდაცვის საშუალება ყველამ ვატაროთ - ამირან გამყრელიძე

ახალი კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა და საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 794-ს მიაღწია.

მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე - stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციით, 19 - ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და 624 გახდა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2494 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის 301 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მოსახლეობის უმრავლესობა არ იცავს დისტანციის და პირბადის გამოყენების რეკომენდაციას.

„თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავიცვათ რეკომენდაციები, ყველას მოვუწოდოთ, რომ გაიკეთონ პირბადე. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა,  მეტროში, ავტობუსში, სამარშრუტო მიკროავტობუსში და ა.შ. აუცილებელია პირბადის გამოყენება. ძალიან გთხოვთ, ეს მარტივი თვითდაცვის საშუალება  ყველამ ვატაროთ. გუშინ გავისეირნე ქუჩებში, რამდენიმე პარკში და ვნახე, რომ სამწუხაროდ, ჩვენი თანამოქალაქეების უმრავლესობა არ იცავს არც დისტანციას და არც პირბადეს იყენებს. ჩვენ ადრე ვამბობდით, რომ გარეთ პირბადე არ უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ როდესაც ერთად ვიკრიბებით 5,6,7,10 ადამიანი, გარე სივრცეშიც აუცილებელია პირბადის გამოყენება, იმიტომ, რომ ინფექციის გავრცელების საშიშროება და ალბათობა არ მოხსნილა“, - განაცხადა გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. 

 

კვირის ამბები